თამარ ირაკლის ასული ჭავჭავაძე (დ. 16 ოქტომბერი, 1896 , ყვარელი — გ. 20 აპრილი 1968, თბილისი) —ქართველი მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943). ბიოგრაფია 1917–1919 წლებში სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და, პარალელურად, პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919–1921 წლებში სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი — ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920–1928 და 1942–1964 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში 1928–1942 წლებში. 1964–1968 მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში. ჭავჭავაძის ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წელს დადგმულ ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროში“, რომელმაც ქართულ სცენაზე განაახლა ტრაგედია. გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა ჭავჭავაძის როლები: სალომე (უაილდის „სალომე“), ლამარა („ლამარა“, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“), ემილია (შექსპირის „ოტელო“), ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), მარგარიტა (დიუმა-შვილის „მარგარიტა გოტიე“), ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სინათა („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. მსახიობის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კომედიურ როლებს: დიანა (ლოპე დე ვეგას „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“), მადამ სან-ჟენი (გ. სარდუსა და მოროს „მადამ სან-ჟენი“), დარეჯანი (მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“) და სხვა. ჭავჭავაძემ შექმნა თანმამედროვე ქალთა რეალისტური სახეებიც: ტატიანა (ლავრენიოვის „რღვევა“), ბაილი (ჩიანელის „ბაილი“), პელაგია ნილოვნა (მოსაშვილის „სადგურის უფროსი“) და სხვ. ჭავჭავაძე ასევე იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. 1926 წლიდან იღებდნენ კინოშიც. ფილმები: „დინა ძაძუ“ (1926, თავადის ქალი), „ქეთო და კოტე“ (1948, ხანუმა) და სხვა. დაჯილდოებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.